English / ქართული / русский /
ევგენი ბარათაშვილიირმა მახარაშვილი-ბარათაშვილიგუგული ყურაშვილი
მუნიციპალური მართვის ხარისხის შეფასების საკითხისათვის

ანოტაცია. საბაზრო ეკონომიკის პირობებში ხარისხი განიხილება მომხმარებელთა მოთხოვნებთან შესაბამისობის პოზიციიდან. ხარისხის, როგორც პროდუქტის, მომსახურების ხარისხსა და მომხმარებლის დამოკიდებულებას შორის შეთანხმების მიღწევის პროცესის განმარტება შეიძლება გამოყენებულ იქნეს ეკონომიკის საზოგადოებრივ სექტორში, რომელიც გვევლინება საზოგადოებრივი სიკეთის მწარმოებლად. თუმცა საზოგადოებრივი სექტორის სპეციფიკა - კონკურენციის შეზღუდულობა, სახელმწიფო და მუნიციპალური მართვის ორგანოების მხრიდან არასაბაზრო კონტროლი, საზოგადოებრივი სიკეთის წარმოების შესაძლებლობების შეზღუდულობა იწვევს სიკეთის მიმღებთა მიერ არჩევანის შესაძლებლობების არასაკმარისობას და მათი დაკმაყოფილებლობის შეუძლებლობას.

საკვანძო სიტყვები: ხარისხი, კონკურენცია,   პროდუქტი, მომსახურება, სტანდარტი, კრიზისი, ეფექტიანობა                        

ამჟამად  მრავალი მიდგომა არსებობს სახელმწიფო და მუნიციპალური მართვის ხარისხის ცნების განმარტებისათვის. ამ კატეგორიის არსის და შინაარსის განსაზღვრისათვის საჭიროა უშუალოდ ხარისხის კატეგორიის შინაარსის კვლევა.

არისტოტელემ პირველმა განსაზღვრა „ხარისხის“ კატეგორია და „ბედნიერების მომტანი სიკეთე“ უწოდა. თანამედროვე ფილოსოფიური ლექსიკონი შემდეგნაირად განსაზღვრავს ხარისხს: „ხარისხი არის საგნებისა და მოვლენების ობიექტური, არსებითი შედარებით მდგრადი შინაგანი განსაზღვრულობა“. ლ. პ. კარსავინი ხაზს უსვამდა ხარისხის მრავალმხრივობას და თავის თვითშეგნებას აკავშირებდა ხარისხის აუცილებლობასთან. მან შემოიტანა ცნება „ხარისხობრიობა“. მას ეკუთვნის ხარისხის სისტემური გაგების იდეა, რომლის ფილოსოფიურ სისტემაში რაოდენობა, ზომა და ხარისხი ყოფიერების საწყის ლოგიკურ მომენტებს წარმოადგენს. მან დაასაბუთა ხარისხისა და რაოდენობის დიალექტიკური ურთიერთკავშირი. რაოდენობა, მისი აზრით, არის ხარისხი საკუთარ თავში, ხოლო ხარისხი - რაოდენობა საკუთარ თავში. 

საბაზრო ეკონომიკის პირობებში ხარისხი განიხილება მომხმარებელთა მოთხოვნებთან შესაბამისობის პოზიციიდან. ამ მიდგომის ფუძემდებლები არიან ჯ.ვან ეტინგერი და ჯ. სიტიგი, მათ შეიმუშავეს ახალი დარგი - კვალიმეტრია, რომელიც იძლევა საქონლის თვისებრივი მახასიათებლების რაოდენობრივი შეფასების შესაძლებლობას. მათი აზრით, ხარისხი შეიძლება გამოხატული იყოს რაოდენობრივი მაჩვენებლებით, თუ მომხმარებელი მოახდენს თვისებების რანჟირებას მათი მნიშვნელობის მიხედვით.

ამჟამად შეიძლება გამოვყოთ „ხარისხის“ კატეგორიის არსისა და შინაარსის გაგებისადმი რამდენიმე მიდგომა.  სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ სტანდარტი არის ობიექტის საკუთარი მახასიათებლების ერთობლიობა, რომელიც ასრულებს დადგენილ მოთხოვნებს. ხარისხის პრობლემების აკადემიის მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე განისაზღვრა ხარისხის კონცეპტუალური ხედვა, რომელიც განსაზღვრავს ადამიანისა და საზოგადოების წარმატებული განვითარების სოციალურ-ეკონომიკურ საფუძველს.

ხარისხის, როგორც  ხარისხსა და მომხმარებლის დამოკიდებულებას შორის შეთანხმების მიღწევის პროცესის განმარტება შეიძლება გამოყენებულ იქნეს ეკონომიკის საზოგადოებრივ სექტორში, რომელიც გვევლინება საზოგადოებრივი სიკეთის მწარმოებლად. თუმცა საზოგადოებრივი სექტორის სპეციფიკა - კონკურენციის შეზღუდულობა, სახელმწიფო და მუნიციპალური მართვის ორგანოების მხრიდან არასაბაზრო კონტროლი, საზოგადოებრივი სიკეთის წარმოების შესაძლებლობების შეზღუდულობა იწვევს სიკეთის მიმღებთა მიერ არჩევანის შესაძლებლობების არასაკმარისობას და მათი დაკმაყოფილებლობის შეუძლებლობას.

საჯარო მომსახურების ხარისხის განსაზღვრა მომხმარებლის მიერ შედეგის ხარისხისა და მისი მიღწევის პროცესის ერთიანობად მისი აღქმის გათვალისწინებით, გვაძლევს შესაძლებლობას, ჩამოვაყალიბოთ საჯარო მმართველობის ხარისხის საზოგადოებრივი შეფასების მოდელი.  ამრიგად მუნიციპალური მართვის ხარისხს წინასწარ განსაზღვრავს საზოგადოებრივ სექტორში გაწეული და მოსახლეობის მოთხოვნილებებისა და მოლოდინის შესაბამისი მსმ ხარისხი. სახელწიფო და მუნიციპალურ მართვასთან მიმართებით ხარისხის ცნება მეტწილად დაკავშირებულია ისეთ კრიტერიუმებთან, როგორიცაა შედეგიანობა და ეფექტიანობა. საერთაშორისო სტანდარტი ICO განსაზღვრავს როგორც დაგეგმილი შედეგის ხარისხს. ეფექტიანობა არის მიღწეული შედეგის ფარდობა გამოყენებულ რესურსებთან. ასეთივე განმარტებას ვხვდებით ეკონომიკურ ლექსიკონში „პროცესის ეფექტიანობა - შედარებითი ეფექტი განისაზრვრება ეფექტის (შედეგის) შეფარდებით მისი მიღებისათვის გაწეულ ხარჯებთან.„  ასეთი თვალსაზრისი შეესაბამება ხარისხის სფეროს აღიარებული სპეციალისტის  პიტერ დრაკერის გამონათქვამებს:  „ შედეგიანობა“ გულისხმობს კარგი რამეების კეთებას“, მაშინ როცა  „ეფექტიანობა „ ნიშნავს  „სწორად კეთებას“. 1). ვ.ნ. ლექსინი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის შედეგიანობას განიხილავს ხელისუფლების სტრუქტურების საქმიანობის მოსალოდნელი შედეგების მიღწევის ხარისხად. ხოლო ეფექტიანობას როგორც მართვის შედეგისა და რესურსების თანაფარდობას, რომელიც უნდა განისაზღვროს როგორც ადმინისტრაციული გარდაქმნის ჩატარებამდე, ასევე მის  შემდეგ. სახელმწიფო და მუნიციპალური მართვის ეფექტიანობის ამაღლება მაშინ  ხდება, თუ ერთი და იმვე მოცულობის სახელმწიფო ფუნქციები სრულდება ნაკლები რაოდენობის რესურსების გამოყენებით. ამასთან, ადმინისტრაციული რესურსების და შედეგების რთული ურთიერეთდამოკიდებულების შედეგად ეფექტიანობა მოითხოვს ანალოგიების მეთოდის, შედარებისა და დანახარჯების განსხვავებული თვისებრივი მახასიათებლების შედარებას.

ქვეყნებში, სადაც ადგილი აქვს სახელმწიფო მართვის ორგანოების კრიზისს, გამოიყენება მსოფლიო სტანდარტების შესატყვისი შეფასების მეთოდიკები, მაგრამ მათი გამოყენება ხდება სამამულო ღირებულებათა და მიზნობრივი განაწესების, ასევე სახელმწიფო მმართველობით სფეროში გადაწყვეტილებათა მიღების რეალური მოდელების გათვალისწინების გარეშე.

სხვადასხვა ავტორის მიერ აღნიშნული განსხვავებული თვალსაზრისი ადასტურებს მითითებული კატეგორიების გაგებისადმი ერთიანი მიდგომების არარსებობას, მათი შინაარსის და განსაზღვრის კრიტერიუმების არევას. ხშირად გამოყოფენ მხოლოდ ცალკეულ შინაარსობრივ მახასიათებლებს, ზოგჯერ მხოლოდ კონკრეტულ საკითხებს სახელმწიფო და მუნიციპალურ მართვაში. მრავალი ავტორი ცდილობს მართვის შედეგიანობისა და ეფექტიანობის ზოგად, უნივერსალურ განმარტებას. არ ითვალისწინებს მის სპეციფიკას სახელმწიფო და მუნიციპალური მართვის სფეროში. ზემოთ ჩამოყალიბებული განმარტებების ანალიზი საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ ტერიტორიული მართვის ხარისხის კატეგორია. ამასთან, აუცილებელია გათვალისწინეული იქნეს:

1. კატეგორიას საფუძვლად უნდა დადოს ეკონომიკის საზოგადოებრივ სექტორში მიწოდებული სიკეთის ხარისხის არსის მახასიათებლების განსაზღვრა;

2. ხარისხი, როგორც მრავალგანზომილებიანი კატეგორია, ვერ განიხილება ცალმხრივად მიმართულ პროცესად „ხელისუფლების ორგანოები-მოსახლეობა“. უნდა გავითვალისწინოთ მაცხოვრებლების ფორმალური და არაფორმალური ჯგუფების აქტიური უკუზემოქმედება ხელისუფლების ორგანოებზე. აღმასრულებელმა ორგანოებმა მომხმარებელი უნდა აღიქვან როგორც მოქალაქე და უზრუნველყონ მისი არჩევანის თავისუფლება;

3. სახელმწიფო მუნიციპალური მართვა უნდა უზრუნველყოფდეს შემდეგი სფეროების თვისებრივ განვითარებას - ინსტიტუციური, ეკონომიკური, ეკოლოგიური, სოციალური. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ინსტიტუციური სფეროს განვითარებას, რაც ასახვას პოვებს ინსტიტუტების, ნორმების, წესების შექმნაში და დაგვეხმარება მოქალაქეთა სხვადასხვა ჯგუფებთან მოთხოვნილებების გამოვლენაში, საჯარო მმართველობის ხარისხის შეფასების, მონიტორინგისა და კონტროლის ურთიერთქმედების ორგანიზებაში.

4. ტერიტორიული მართვის ხარისხის ამაღლება არ უნდა ითვალისწინებდეს მის მკაცრ სტანდარტიზაციას და დამატებით ბიუროკრატიზაციას. ის ხელს უნდა უწყობდეს სახელმწიფო და მუნიციპალური მომსახურების ჩაბმას ორგანიზაციული თვითშეფასების საფუძვლზე ოპტიმალური მეთოდების, მმართველობითი გადაწყვეტილებების ძიებაში.

საჯარო მმართველობის საზოგადოებრივი და ინსტიტუციური ეფექტიანობა არის საზოგადოებრივი განვითარებისა და ინსტიტუტების დადგენილ სტრატეგიულ მიზნებთან სამოქალაქო საზოგადოების მოლოდინებისა და მომავალი მოთხოვნილებების შესაბამისობა.

ადმინისტრირების ხარისხის უზრუნველუოფის ერთ-ერთი პრობლემაა მმართველობითი პროფესიონალიზმის როლის ამაღლება საჯარო მმართველობაში და მის პარალელურად საბოლოო შედეგების საზოგადოებრივი განვითარების მიზნების მისაღწევად სამოქალაქო მომსახურების მოტივაციის სისტემის განვითარება.     

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. ჩიქოვანი თ. ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში. თბილისი, 2015 წ;
  2. ლოსაბერიძე დ. ქორიძე ზ. „რატომ გვჭირდება და რა არის თვითმმართველობა“ თბილისი, 2014წ;
  3. http://WWW.mrdi.gov.ge/ge/news საქართველოს რეგიონების განვითარების სტრატეგიები 2014-2021 წლებსათვის;